„დილამ“ სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPORT
„დილამ“ სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მესამეადგილოსანი გორის „დილა“ მთავარ ქართულ დივიზიონში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „გაგრასთან“ სწრაფად დაწინაურდა. მე-8 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. 26-ე წუთზე კი ვანდერსონ სილვას ფლანგური გადაცემა ნიკა გაგნიძემ თავური დარტყმით დააგვირგვინა და „დილამ“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 2:0.

„გაგრას“ სხვაობის შემცირება 30-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ კუთხურის შესრულების შემდეგ გიორგი ბუხაიძის თავური დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე თემურ შონიას დარტყმულ ბურთს მეკარე დემეტრე ბულისკერია გადაეღობა. 67-ე წუთზე შონიას კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ კარს ახლოდან ააცილა. თუმცა სტუმრებმა შედეგს მაინც მიაღწიეს – 72-ე წუთზე გორელთა კარი გიორგი ბუხაიძემ აიღო და საბოლოოდ მატჩი „დილას“ სასარგებლოდ დასრულდა – 1:2.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – „მიხეილ მესხი 2“-ზე დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივი“ „თელავს“ მიიღებს. ტურის ბოლო მატჩი, კვირას, „მიხეილ მესხზე“ შედგება – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.