„დილამ“ „საბურთალოსთან“ ქულა გაიყო და ლიდერობა დაიბრუნა

19:48, 02.08.2020

ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში, რომელსაც „მიხეილ მესხი არენამ“ უმასპინძლა, „საბურთალო“ „დილას“ შეხვდა და კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, კარგი მომენტები შექმნეს და ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს – სანდრო ალთუნაშვილის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ელვინ ტერა დარჩა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 1:0.

45+2-ე წუთზე კი თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო – ლევან კაკუბავასთან შეჯახებისათვის მიკოლა კოვტალიუკი პირდაპირ წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს.

მიუხედავად ამისა, გორელებმა 10 კაცით იომეს და ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრეს – მარცხენა ფლანგიდან „საბურთალოს“ საჯარიმოში გიორგი ლაცაბიძე შევარდა და დამატებაზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანა – 1:1.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა. „საბურთალომ“ რვა ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო გორის „დილამ“ 16 ქულით თბილისის „დინამოს“ გაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა.

მსგავსი