„დილამ“ ქუთაისში მოიგო - „ტორპედო“ რთულ ვითარებაშია #1TVSPORT
„დილამ“ ქუთაისში მოიგო - „ტორპედო“ რთულ ვითარებაშია #1TVSPORT

ეროვნული ლიგაში 32-ე ტური ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართული შეხვედრით დაიწყო. „ტორპედომ“ მესამეადგილოსან გორის „დილას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ქულაც ვერ მოიპოვა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. საჯარიმოში შეჭრილმა ნიკა გაგნიძემ ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემით ისარგებლა და 55-ე წუთზე გორელები ეფექტური გოლით დააწინაურა.

71-ე წუთზე ქუთაისელები კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩავარდნენ. მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ „ტორპედოს“ ნახევარმცველს, მათე ცინცაძეს ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც მისთვის მეორე ბარათი იყო და მოედნის დატოვება მოუხდა.

გორელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 77-ე წუთზე მეორე გაიტანეს. უსმანე კამარას პასით მეკარესთან პირისპირ ფრანცისკო მადინგა დარჩა და „ტორპედოს“ კარი აიღო. საბოლოო ანგარიში კი ირაკლი ბიძინაშვილმა 90+2-ე წუთზე დააფიქსირა, რომელიც მეკარესთან პირისპირ ახალგაზრდა გიორგი თავყელიშვილის გადაცემის შემდეგ დარჩა.

მატჩის ბოლოს კიდევ ერთი მოთამაშე გააძევეს – ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი გორელთა მცველმა ანრი ჭიჭინაძემ 90+4-ე წუთზე მიიღო და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

„დილამ“ 3:0 მოიგო, 56 ქულა დააგროვა და კონკურენტებთან, „საბურთალოსთან“ (50) და „ლოკომოტივთან“ (47) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. გორელები მესამე ადგილზე არიან, ხოლო „ტორპედო“ (30) მე-8 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი