„დილამ“ კონკურენტი „ტორპედო“ დაამარცხა - გორელები მესამე ადგილზე გადავიდნენ #1TVSPORT
„დილამ“ კონკურენტი „ტორპედო“ დაამარცხა - გორელები მესამე ადგილზე გადავიდნენ #1TVSPORT

29-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გორში გაიმართა. მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაში „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გორელებმა „ტორპედოს“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერეს, რაშიც ქუთაისური კლუბის აღზრდილი, თორნიკე კაპანაძე დაეხმარათ. „დილას“ თავდამსხმელმა მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე დუბლი შეასრულა და გორელები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა.

ზუსტად ერთ წუთში გიორგი არაბიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ქუთაისელებს 25-ე წუთზე თამაშის გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდათ – „დილას“ მეკარე დანილო კანევცევმა, მთავარი არბიტრის აზრით, ქუთაისელთა შემტევი ნოდარ ქავთარაძე წააქცია და უკრაინელი ლეგიონერი მოედნიდან გააძევა. მასპინძელთა დიდი პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეცვალა და „დილამ“ შეხვედრა 10 კაცით ჩაამთავრა.

„ტორპედომ“ დარჩენილ 65 წუთში რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, „დილამ“ 2:1 მოიგო. გორელებმა 29 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვეს და ქუთაისელ კონკურენტს (44 ქულა) გადაასწრეს.