„დილამ“ კონკურენტი გაანადგურა - „ლოკომოტივი“ ევროზონას დაშორდა #1TVSPORT
„დილამ“ კონკურენტი გაანადგურა - „ლოკომოტივი“ ევროზონას დაშორდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტური საგურამოში გამართული შეხვედრით დასრულდა – „ლოკო-არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივმა“ გორის „დილა“ მიიღო და მოულოდნელად, მეტოქესთან სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში დიდი ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა. „დილამ“ ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. მე-12 წუთზე ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა საკმაოდ უხერხული პოზიციიდან დარტყმით გახსნა. ერთ წუთში კი მეტოქის საჩუქარით ისარგებლეს – „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ალეფ სანტოსმა საჯარიმოსთან დავით სამურკასოვის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ დაიძრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა – 0:2.

მასპინძლებმა მეორე ტაიმშიც ვერაფერი მოახერხეს და მესამე გოლიც გაუშვეს. 54-ე წუთზე ამოს ნონდიმ საჯარიმოს ხაზთან თორნიკე კაპანაძე მოძებნა, რომლის დარტყმაზეც მარკ სპენკელინკმა რეაგირება შეძლო, მაგრამ ბურთი ხელში გაუძვრა – 0:3. 70-ე წუთზე კი პაატა ღუდუშაურმა მასპინძელთა კარი მეოთხედ აიღო – 0:4. საბოლოოდ, „დილამ“ კონკურენტი „ლოკომოტივი“ სეზონში მესამედ დაამარცხა, რომელიც 30 ტურის 44 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა და კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში საგრძნობლად ჩამორჩა გორის გუნდს (50), რომელიც „საბურთალოს“ (50) დაეწია და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ევროსაგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.

აღსანიშნავია, რომ 30-ე ტური იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელშიც მასპინძლებმა ერთი მატჩიც ვერ მოიგეს – სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (1:1) ფრედ დასრულდა, ორიც სტუმრებმა მოიგეს.