„დილამ“ კაცნაკლული „ლოკომოტივი“ დაამარცხა და „დინამო თბილისს“ გადაასწრო #1TVSPORT
„დილამ“ კაცნაკლული „ლოკომოტივი“ დაამარცხა და „დინამო თბილისს“ გადაასწრო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა. მიმდინარე გათამაშების ბოლოადგილოსანი „ლოკომოტივი“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა თავი არა იმდენად კარგი ფეხბურთით, არამედ უხეშობით გამოიჩინეს, ხოლო 39-ე წუთზე თბილისელები მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ – გიორგი იაკობიძე „დილას“ გორელთა მცველს, ანრი ჭიჭინაძეს ძალიან უხეშად და დაუნდობლად ეთამაშა – ფეხი თავში მოარტყა და არბიტრმა მოედნიდან სამართლიანად გააძევა.

გორელები მთელი მეორე ტაიმი უტევდნენ, ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ 64-ე წუთზე დაწინაურდნენ: რევაზ ჩიტეიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ „დილას“ კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა 0:1.

„დილამ“ მატჩის ბოლოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიას დარტყმის შემდეგ ბურთიც საკუთარ კარში დაჩი ფოფხაძემ ჩაჭრა, ხოლო 75-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა.

„დილამ“ 3:0 მოიგო, 7 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისს“ გაასწრო და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ლოკომოტოვი“ კვლავ უქულოდ დარჩა და ისევ ბოლო ადგილზეა.