„დილამ“ ფეხბურთელი ნორვეგიიდან ჩამოიყვანა
„დილამ“ ფეხბურთელი ნორვეგიიდან ჩამოიყვანა

გორის „დილამ“ მორიგი ლეგიონერი დაიმატა – საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა კლუბმა „ვალერანგას“ ფლანგის შემტევ უსმან კამარასთან საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. ოსლოს კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის გვინეელი ფეხბურთელი ბოლოს ნორვეგიულ „ვალერენგაში“ თამაშობდა. იყო გვინეის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, კარიერა კი შვედურ „ესკილსტუნაში“ 2018 წელს დაიწყო, საიდანაც ნორვეგიაში 2019 წლის აგვისტოში გადავიდა.

„22 წლის უსმან კამარას „ვალერენგასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ 2021 წლის სეზონში საქართველოს ტოპ კლუბში, გორის „დილაში“ იჯარით ითამაშებს. კლუბები უსმან კამარას საიჯარო ხელშეკრულებაზე უკვე შეთანხმდნენ“, – წერია „ვალერანგას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნორვეგიული კლუბის პრესსამსახური არ მალავს, რომ კამარას პრობლემა ჰქონდა: „უსმანს საგაზაფხულო ეტაპზე გაუჭირდა, რადგან ტერფის ტრავმის შემდეგ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა“.

ვალერანგას“ სპორტულ დირექტორს, იორგენ ინგებრიგტსენს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა მოთამაშე გორის „დილაში“ ფორმის აღდგენას შეძლებს: „ჩვენ ვილაპარაკეთ როგორც კამარასთან, ასევე აგენტთან და ვფიქრობთ, რომ მისთვის იჯარა შესანიშნავი გამოსავალია. ახლა ყველაზე მთავარია, მან მაღალ დონეზე რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. საქართველოში ამის კარგი შესაძლებლობები არსებობს“.