„დილამ“ ევროსაგზური ზედიზედ მეორედ გაინაღდა - „საბურთალოს“ იმედად თასის მოგება დარჩა #1TVSPORT
„დილამ“ ევროსაგზური ზედიზედ მეორედ გაინაღდა - „საბურთალოს“ იმედად თასის მოგება დარჩა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გადაწყდა, ვინ დაიკავებს მესამე ადგილს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩატარდა – ერთმანეთს კონფერენს ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები, თბილისის „საბურთალო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ.

კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მესამე ადგილზე გორის „დილა“ დაწინაურდა და კონკურენტ თბილისურ გუნდს 9 ქულით ასწრებდა. ამიტომ, „საბურთალოს“ შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება აწყობდა, გორელებს კი ქულაც ხელს აძლევდათ.

თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. თამაში საკმაოდ ხისტი გამოდგა. მთავარ არბიტრს ორივე გუნდის მოთამაშის გაძევება შეეძლო, მაგრამ ორივე დაინდო. თუმცა, 88-ე წუთზე რეზო ჩიტეიშვილმა წითელი ბარათი მაინც გამოსტყუა – „საბურთალოს“ თავდამსხმელთან, გიორგი კვერნაძესთან ინციდენტისთვის „დილას“ მცველმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

თუმცა გორელებმა საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულეს, 34 ტურის შემდეგ 60 ქულა დააგროვეს და ზედიზედ მეორედ მესამე ადგილი გაინაღდეს, ამას გარდა, „დინამო თბილისის“ (63) გასწრების და მეორე ადგილის დაკავების შანსსაც ინარჩუნებენ. „საბურთალო“ კი 51 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული გუნდი კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ამ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს.