„დილამ“ „ჩიხურას“ გადაასწრო, „კოლხეთი“ ისევ აგებს
„დილამ“ „ჩიხურას“ გადაასწრო, „კოლხეთი“ ისევ აგებს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს 23-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა – ფოთის „კოლხეთმა“ „პარკი-არენაზე“ გორის “დილას” უმასპინძლა და დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც დამარცხდა.

კოლხებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. სტუმრებმა კი თავისი შანსი გამოიყენეს და მე-9 წუთზე ანგარიში გახსნეს – თავი ისუფუ ლემპტიმ გამოიჩინა. 55-ე წუთზე “დილას” უპირატესობა მიკოლა კოვტალიუკმა გაზარდა – 0:2. აღსანიშნავია, რომ ორივეს საგოლე ასისტენტონა ასევე ლეგიონერმა, ლეანდრო რიბეირომ გაუწია.

“კოლხეთს” სხვაობის შემცირების რეალური შანსი 73-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ფოთელების ლეგიონერის, პატერსონ კაბორეს დარტყმა გორელთა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია.

საბოლოოდ, “დილამ” 2:0 მოიგო, 39 ქულა დააგროვა, საჩერეს “ჩიხურას” გადაასწრო და მე-3 ადგილი დაიბრუნა. “კოლხეთს” კი, მაისის შემდეგ აღარ მოუგია და 8 ქულით ისევ ბოლო, მე-12 პოზიციაზე დარჩა.

ხვალ, 2 სექტემბერს კიდევ ორი მატჩი გაიმართება და ორივე რეგიონული დერბი იქნება. ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე მიიღებს “რუსთავს”, რომელიც უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა. ევროპის ლიგიდან გამოვარდნილი საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” კი 19:00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “სამტრედიას” უმასპინძლებს.