„დილამ“ „ბორდოს“ თავდამსხმელი დაიმატა - ტრევის მუტიაბა 16 წლიდან უგანდის ნაკრებში თამაშობს #1TVSPORT
„დილამ“ „ბორდოს“ თავდამსხმელი დაიმატა - ტრევის მუტიაბა 16 წლიდან უგანდის ნაკრებში თამაშობს #1TVSPORT

გორის „დილამ“ „ბორდოდან“ ზურიკო დავითაშვილის ყოფილი გუნდელი, უგანდის ნაკრების თავადამსხმელი ჯამალ ტრევის მუტიაბა დაიმატა – ინფორმაციას transfermarkt-ი ავრცელებს.

ჯამალ ტრევის მუტიაბა 19 წლისა. ტანდაბალი (159 სმ) უგანდელი ფეხბურთელი ბოლოს თამაშობდა „ბორდოში“, რომელიც ზურიკო დავითაშვილის წასვლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგაში, ნაციონალ 2-ში დააქვეითეს.

საკლუბო კარიერა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს უგანდის პრემიერლიგის კლუბ „ვილასთან“. საინტერესოა, რომ მანამდე საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა და ფუტსალის სუპერლიგაშიც თამაშობდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო.

უცხოეთში 2024 წლის დასაწყისში წავიდა – თავიდან ეგვიპტურ „ზამალეკში“, 2024 წლის ოქტომბერში კი კონტრაქტი „ბორდოსთან“ გააფორმა.

საერთაშორისო კარიერა 2019 წელს უგანდის 15-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, რომელმაც ერითრეაში გამართული ტურნირი მოიგო, „დილის“ ახალწვეულმა კი 3 გოლი გაიტანა. მომდევნო წელს უგანდამ მოიგო 17-წლამდელების ტურნირი რუანდაში, ჯამალ ტრევის მუტიაბა კი საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მუტიაბა უგანდის ეროვნულ ნაკრებში ტანზანიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე 16 წლის ასაკში გამოიძახეს. 2022 წლის იანვრიდან კი ეროვნულ გუნდში სისტემატურად იძახებდნენ და 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.