„დილამ“ ბარბადოსის ნაკრების თავდამსხმელი უნგრეთიდან დაიმატა #1TVSPORT
„დილამ“ ბარბადოსის ნაკრების თავდამსხმელი უნგრეთიდან დაიმატა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ევროტურნირამდე თავდამსხმელი დაიმატა – გუნდის ახალწვეული ბარბადოსის ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ტიერი გეილია.

„უნგრეთის ჩემპიონატის კლუბ „ჰონვედთან“ შეთანხმება მიღწეულია. ბარბადოსის ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ტიერი გეილი კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია გორელთა გავრცელებულ ცნობაში.

ტიერი გეილი 2002 წლის პირველ მაისს ბარბადოსში, ბრიჯთაუნში დაიბადა. თამაშობდა თავდამსხმელად უნგრულ „ჰონვედსა“ და ბარბადოსის ეროვნულ გუნდში.

უნგრეთში 2018 წელს გავიდა და „ჰონვედის“ ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. 2020 წელს გეილმა ძირითად გუნდთან ერთად წინასასეზონო ვარჯიში გაიარა და 15 აგვისტოს კლუბთან სამწლიან პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო 21 აგვისტოს, უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

მისი დებიუტი ბარბადოსის ძირითად ნაკრებში 2018 წლის 25 მარტს ბერმუდის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. 2019 წლის 5 სექტემბერს სენ-მარტენთან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა (4:0).

აღსანიშნავია, რომ „დილას“ ახალწვეულის მამა, დუან გეილი ასევე ფეხბურთელი იყო და ბარბადოსის ეროვნულ გუნდში თამაშობდა.