„დილა“ ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT
„დილა“ ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT

გორის „დილას“ ქობულეთის „შუქურადან“ ორი ახალწვეული ჰყავს  – ცენტრალური მცველი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და შემტევი მიშიკო სარდალიშვილი.

30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიშიკო სარდალიშვილმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, საიდანაც გადავიდა „ზესტაფონში“ – ამ კლუბში 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „მერანსა“ და „გაგრაში“ უთამაშია, გამორჩეული პერიოდი კი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, სარდალიშვილმა საჩხერეში ხუთი წელი ითამაშა, კლუბის ერთ ერთი ლიდერიც გახდა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასიც მოიგო.

„დილაში“ გადმოსვლამდე სარდალიშვილი ქობულეთის „შუქურას“ ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის ერთ ერთი ლიდერი და კაპიტანი იყო. 2022 წელს მან გუნდთან ერთად ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება მოიგო და „შუქურასთან“ ერთად ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

24 წლის სანდრო ანდორნიკაშვილი ცენტრალური მცველია, თუმცა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. იგი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პროფესიული საფეხბურთო კარიერის მანძილზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქობულეთის „შუქურას“ ღირსებას იცავდა. ანდორნიკაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს 17-19 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.