„დილა“ არველაძის ყოფილ გუნდელს ჩააბარეს - დემჩენკო გორში ორი წლით იმუშავებს
„დილა“ არველაძის ყოფილ გუნდელს ჩააბარეს - დემჩენკო გორში ორი წლით იმუშავებს

გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. ქართულ კლუბსა და უკრაინელ მწვრთნელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა – ინფორმაციას „დილას“ ვებგვერდი ავრცელებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი ნემსაძის შემცვლელად ლიეტუველი სპეციალისტის, ვალდას ივანაუსკასის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც გორის კლუბს 2013 წელსაც წვრთნიდა. მაგრამ საბოლოოდ, ანდრეი დემჩენკოს კანდიდატურაზე შეჩერდნენ.

დემჩენკო ზაპოროჟიედანაა, მაგრამ საფეხბურთო კარიერა მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო, სადაც 1992–1994 წლებში თამაშობდა – რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ამსტერდამის „აიაქსში“ (1995–1998) გადავიდა. ორი წელი იყო შოთა არველაძის თანაგუნდელი (რომელიც ნიდერლანდურ გრანდში 1997–2001 წლებში გამოდიოდა). მაგრამ ამ ოთხ წელიწადში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი ვერ გაიტანა. მერე ისევ მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდა. ითამაშა უკრაინულ და მოლდოვურ კლუბებში.

სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის „მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, საქმიანობა უზბეკურ „ობოდში“ განაგრძო, 2018 წელს ჯერ როვნოსვერესში“ იმუშავა, შემდეგ „ლვივში“. 2019 წელს კი ხარკოვის „მეტალისტში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.