დიეგო სიმეონე - მადრიდის „რეალს“ საკუთარი სტილი არ აქვს
დიეგო სიმეონე - მადრიდის „რეალს“ საკუთარი სტილი არ აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ახსნა – რამდენად მნიშვნელოვანია საფეხბურთო კლუბისთვის საკუთარი სტილისა და ისტორიის ქონა.

„როცა თქვენ თანხმდებით კლუბში მუშაობას, მისი ისტორიის გაცნობა – ყველაზე ლოგიკური და გონივრული ნაბიჯია. თქვენ შეგიძლიათ სტილი მოარგოთ კლუბის ისტორიას და თან საკუთარ თავს არ უღალატოთ.

„აიაქსს“ აქვს საკუთარი სკოლა, საკუთარი სტილი. „ბარსელონასაც“, „იუვენტუსსაც“, „ატლეტიკოსაც“ აქვთ. აი, „რეალს“ არ აქვს. მისი სტილი იცვლება შეძენილი ფეხბურთელების მიხედვით. ჩნდებიან ისეთი გუნდებიც, როგორიცაა გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც არ აქვს ისტორია, მაგრამ ის იღებს იმ გზას, რომელსაც პეპი უჩვენებს. შესაძლოა, ათი წლის შემდეგ ვთქვათ, რომ „სიტი“ განსაკუთრებულად თამაშობს. ვნახოთ, გვარდიოლას შემდეგ მოვა თუ არა ვინმე, ვინც თავის ყაიდაზე გადააწყობს ყველაფერს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, კლუბის ისტორიაზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია: ფანებმა უნდა იხილონ ის, რაც მათთვის ნაცნობია, ფეხბურთელებს კი უნდა უადვილდებოდეთ კლუბის მოთხოვნების გაგება“, – განაცხადა სიმეონემ არგენტინულ გაზეთ „ლა ლასიონთან“ (La Nacion) მიცემულ ინტერვიუში.

დიეგო სიმეონე 2011 წლიდან ავარჯიშებს „ატლეტიკოს“ და მასთან ერთად შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის, ესპანეთის ჩემპიონობა და ორჯერ ევროპის ლიგა.