დიეგო სიმეონე გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს
დიეგო სიმეონე გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გასული ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე დაასახელა.

IFFHS-მა შეისწავლა 2011-20 წლების შედეგები. რეიტინგში შევიდნენ მწვრთნელები, რომლებიც სხვადასხვა წლებში ამ ნომინაციაში TOP20-ში ხვდებოდნენ. სპეციალისტს, რომელიც ერთ-ერთ წელს პირველ ადგილს იკავებდა, 20 ქულა ერიცხებოდა, მეორეს – 19 ქულა და ა.შ.

სიმეონე IFFHS-ის ვერსიით საუკეთესო მწვრთნელი 2016 წელს გახდა. 2011-20 წლების პერიოდში მისი ხელმძღვანელობით, „ატლეტიკომ“ მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ორ-ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი, ასევე ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

არგენტინელმა 152 ქულა დააგროვა და გაუსწრო „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას (144) და „ლივერპულის“ თავკაცს იურგენ კლოპს (105).

ასევე ტოპ-ათეულში მოხვდნენ: ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემი, 91), მასიმილიანო ალეგრი (უკლუბოდ, 77), უნაი ემერი (ვილიარეალი, 70), ზინედინ ზიდანი (რეალი, 59), კარლო ანჩელოტი (ევერტონი, 57), მაურისიო პოჩეტინო (პარი სენ-ჟერმენი, 56), მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი, 56).