დიეგო მარადონას ქალიშვილის აღიარებით, ლეგენდარული მამის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს წინ ოჯახი შიშში ცხოვრობს #1TVSPORT
ლეგენდარული დიეგო მარადონას უფროსმა ქალიშვილმა, დალმა მარადონამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი მაფიის წინაშე შიშის გრძნობით ცხოვრობს ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მოახლოებული სასამართლოს წინ. იმის შესახებ, რაც ახლა ხდება, მან სატელევიზიო გადაცემაში ილაპარაკა.
დალმა მარადონამ განაცხადა, რომ სამართლიანობის მიღწევისა და მარადონას ოჯახის წინაშე დამნაშავეთა დასჯის მცდელობის გამო მარადონას ოჯახი სახიფათო ადამიანებისგან სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება.
„დედაჩემი ნერვიულობს, რადგან ეშინია. ეშინია მაფიის, იმათი, ვინც ყველაფერს მართავენ, ვისაც აქვთ ფული და ძალაუფლება. მაგრამ ჩემთვის სულერთია. მე ვიცი, ვინ მიპირისპირდება, მაგრამ არ შემიძლია, გავჩუმდე. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. დედაჩემი გაუთავებლად მეუბნება: „გაჩუმდი, არაფერი თქვა, მეშინია“, მაგრამ არ შემიძლია. მე ვალში ვარ მამის მიმართ“, – აღიარა დალმა მარადონამ.
უფრო ადრე მარადონას ოჯახმა არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში დაადანაშაულა ფეხბურთელის მკურნალი ექიმები. ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, სასამართლო პროცესის პირველი სხდომა 11 მარტს გაიმართება. სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ რვა ექიმი და ექთანი.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონამ 2020 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში გულის შეტევა გადაიტანა. ეს მოხდა სულ რაღაც ორი კვირის თავზე, რაც ლეგენდა საავადმყოფოდან გამოწერეს ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გადატანილი ოპერაციის შემდეგ.