დიეგო მარადონას მემკვიდრეებმა აუქციონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ნივთების გაყიდვა სცადეს #1TVSPORT
დიეგო მარადონას მემკვიდრეებმა აუქციონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ნივთების გაყიდვა სცადეს #1TVSPORT

არგენტინაში გაიმართა აუქციონი, რომელზეც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას მემკვიდრეებმა მისი ნივთების გაყიდვა სცადეს, – იტყობინება TyC Sports.

აუქციონზე წარმოდგენილი გახლდათ 87 ლოტი, რომელიც ლეგენდას ეკუთვნოდა. მათ შორის იყო მარადონას მშობლების სახლი, ბინა მარ-დელ-პლატაში, ოთხი ავტომობილი, ტრენაჟორები, სპორტული ტანსაცმელი…

პირველი ლოტი იყო ქუდი ცისფერი ლენტით, რომელსაც ფეხბურთელი პერიოდულად ატარებდა. საწყისი ფასი 17.80 ევრო იყო, პირველი შეთავაზება – 44.49 ევრო. საბოლოოდ, ქუდი 284.75 ევროდ გაიყიდა.

ვენესუელას დროშის ფერებში გაწყობილ კეპში, რომელიც მარადონას ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აჩუქა, 462.71 ევრო გადაიხადეს. სწორედ ეს ქუდი ეხურა მარადონას, როცა პირველი გამარჯვება მოიპოვა ლა-პლატას „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში.

არავინ მოისურვა მარადონას სახლის შეძენა ვილა Devoto-ზე. საწყისი ფასი 800 ათასი ევრო იყო. ასევე არ მოიძებნა ოროთახიანი ბინისა და ავტომობილების მყიდველი.

ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს ნახატებში, რომლებზეც ფეხბურთელი იყო გამოსახული. საერთო თანხამ რვა ათასი ევრო შეადგინა.

ასევე პოპულარობით სარგებლობდა ფეხბურთელის ტანსაცმელი, მაგალითად „ნაპოლის“ მაისურები.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.