დიეგო მარადონა შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს
დიეგო მარადონა შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ, რომელიც დღეს „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების დამრიგებლის პოსტი დაიკავოს, – წერს Infobae.

წყაროს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ანტონიო ტორესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდება. ტორესმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე მოელაპარაკა არგენტინელი სპეციალისტის წარმომადგენლებს. მარადონასთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება, ხოლო მისი ამოცანა იქნება 2022 წელს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გასვლა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ანტონიო ტორესი ამჟამინდელ პრეზიდენტს ლუის რუბიალესს შეებრძოლება.

დღეისთვის, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ლუის ენრიკე.

დიეგო მარადონა 2019 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებს „ხიმნასიას“. მანამდე 59 წლის სპეციალისტს სხვადასხვა კლუბში მუშაობის გარდა, არგენტინის ნაკრებიც გაუწვრთნია.