დიეგო მარადონა - მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის
დიეგო მარადონა - მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც, ამჟამად, „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელია, პატივი მიაგო ფოლკლენდის ომში დაღუპულ არგენტინელებს.

„დიდება თქვენ, ბიჭებო. ჩვენ არ დაგვიკარგავს სიამაყის გრძნობა. მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის!“ – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ მარადონამ.

ლეგენდა ყოველთვის უარს ამბობდა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებში ხელით გატანილი გოლის გამო ბოდიშის მოხდაზე. ის ამ გოლს ფოლკლენდის ომისთვის „სიმბოლურ შურისძიებას“ უწოდებდა.

„ვეტერანებისა და ფოლკლენდის ომში დაღუპულთა დღე“ – არგენტინის რესპუბლიკაში ყოველ წელს, 2 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ არგენტინის არმიის სამხედროებს, რომლებიც ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ ფოლკლენდის ომში დაიღუპნენ. ეს ომი 1982 წლის 2 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 14 ივნისს არგენტინის დამარცხებით დასრულდა. არგენტინულმა მხარემ 649 მეომარი დაკარგა, ბრიტანეთმა – 255.

შეგახსენებთ, რომ ფოლკლენდის კუნძულებს არგენტინაში მალვინის კუნძულებს უწოდებენ.