დიეგო კოლასი - ვფიქრობ, რომ მაგიდაზე ბევრი შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მომზადებულია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვარი მზაობა
დიეგო კოლასი - ვფიქრობ, რომ მაგიდაზე ბევრი შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მომზადებულია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვარი მზაობა

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსზე.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ელჩმა ასევე განაცხდა, რომ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„მე და ჩემს რამდენიმე კოლეგა ელჩს პარტია „ლელოსთან“ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ვფიქრობ, კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები კითხვებს სვამენ, სამოქალაქო საზოგადოებებიც იმავეს აკეთებენ, აწყობენ პლატფორმებსა და დისკუსიებს. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური საკითხია საქართველოსთვის და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავცვალოთ და გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები, მოვისმინოთ ქართული პოლიტიკური ძალების სათქმელი.

არ ვაპირებ მომავალზე პროგნოზის გაკეთებას. განხილვის პირობები სრულად განსაზღვრულია, რადგან გაკეთებულ წინადადებაზე კომისიის დასკვნა დადგინდება. მოგეხსენებათ, ჯერ კომისიის შეფასებაა, რომელიც წინადადებას დებს მაგიდაზე და ამის მიხედვით განიხილავს. სპეკულირება იმაზე, თუ რა შეიძლება, იყოს განხილული და რა მისიები იქნება განსახილველი, ცოტა რთულია. ასე რომ, ამ ეტაპზე არ ვარ მზად შემდგომი კომენტარების გასაკეთებლად, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მაგიდაზე ბევრი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მომზადებულია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვარი მზაობა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

კოლასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება შეუძლებელია.

„არის კრიტერიუმები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. ეს კრიტერიუმები ცნობილია, მაგალითად კოპენჰაგენის კრიტერიუმი. ეს კრიტერიუმები აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. ეს კრიტერიუმები იქნება საფუძველი კომისიის შეფასებისა და ამ გზაზე პროგრესის შესაფასებლად“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.

დიეგო კოლასის თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა, ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდებელი, ძლიერი, შეეძლოთ იმ ამოცანების შესრულება, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ.

„ევროკავშირში გვაქვს დისციპლინა, გვაქვს ერთიანობა, რომ ერთობლივად მივუდგეთ საკითხს, პრობლემებს, ახალ გამოწვევებს. როგორც წევრ ქვეყნებს შეგვიძლია, ერთად ვიპოვოთ გადაწყვეტილებები და ვიაროთ წინ. მახსოვს, ბევრი შიში არსებობდა 2004 წელს, როდესაც მოხდა დიდი გაფართოება. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, ევროკავშირი უფრო დიდი და ძლიერია 2004 წლის შემდეგ. ეს არის იმის გამო, რომ ბევრი სამუშაო გაკეთდა წევრი ქვეყნების და ევროკავშირის მიერ ერთობლივად. ახლა ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე გამოწვევა. ასე რომ, ამ დროს ყოველთვის არსებობს კითხვები. მაგალითად, ძალიან ხომ არ ვფართოვდებით? ევროკავშირი ძალიან დიდი ხომ არ ხდება, რომ შეძლოს გადაწყვეტილებების მიღება? ყოველთვის იყო შიშები ნებისმიერი გაფართოების უკან“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, დიეგო კოლასმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ უნდა ელოდოთ, რომ კრიტერიუმების მიხედვით, დამოუკიდებელი სასამართლო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მთელი პროცესის განმავლობაში. დამოუკიდებელი სასამართლოს კრიტერიუმები ევროკავშირის ფარგლებში დარჩება. ეს არის აბსოლუტურად ფუნდამენტური ელემენტი, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ასპექტი, მას შემდეგ რაც ევროკავშირი 1960-იანი წლებიდან განვითარდა. უნდა ველოდოთ, რომ კრიტერიუმების შეფასებისას მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად არის პროგრესი, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა. პრესის თავისუფლება არის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობების შენარჩუნება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.