დიდიე დროგბა უეფას პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებს
დიდიე დროგბა უეფას პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებს

კოტ დ’ივუარის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა უეფას პრეზიდენტის პრიზით დაჯილდოვდება.

ყოფილი მოთამაშე ჯილდოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიისას ორგანიზაციის პრეზიდენტისგან ალექსანდრ ჩეფერინისგან მიიღებს. უეფას პრეზიდენტის პრიზი გადაეცემა უმაღლესი მიღწევებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული პირადი თვისებებისთვის. აღნიშნავენ, რომ ჩეფერინმა ფორვარდი ფეხბურთსა და ცხოვრებაში სრულყოფილებისკენ სწრაფვის გამო აირჩია.

„ბრწყინვალე სათამაშო კარიერისას მიღწეული შედეგების წყალობით, დიდიე მილიონობით საფეხბურთო გულშემატკივრისთვის გმირი გახდა. ის ლიდერი და პიონერია. მე მახსოვს მისი ტექნიკა, ძალა და საფეხბურთო ინტელექტი. მაგრამ, პირველ რიგში, აღსანიშნავია წარმატების დაუოკებელი წყურვილი. ეს ახლაც ვლინდება, უკვე არასაფეხბურთო ცხოვრებაში, მის მისწრაფებაში – დაეხმაროს სხვებს“, – აღნიშნა ჩეფერინმა.

დროგბა ცნობილია „ლე მანში“, „გენგამში“, „მარსელსა“ და „ჩელსიში“ გამოსვლებით. ლონდონელთა რიგებში მან ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 2011-12 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. 2018 წელს სპორტული კარიერა დაასრულა.

კოტ დ’ივუარის ნაკრებში ფორვარდი 2002-14 წლებში თამაშობდა – ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა აფრიკის ერთა თასზე და სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე. სულ ეროვნულ გუნდში 105 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 ოქტომბერს გაიმართება.