დიდიე დეშამის ასისტენტი – მოუთმენლად ველით მთავარი მწვრთნელის დაბრუნებას #1TVSPORT
„მოუთმენლად ველით დიდიე დეშამის დაბრუნებას,“ – ეს იყო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწის, გი სტეფანის პირველი სიტყვები ნორვეგიასთან მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ.
უსმან დემბელეს ჰეთ-თრიქისა და დეზირე დუეს გოლის წყალობით, „სამფეროვნებმა“ მეტოქეს იოლად აჯობეს და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის არყოფნაში, რომელიც საფრანგეთში დედის გარდაცვალების გამო გაემგზავრა.
„პირველ რიგში, ჩვენი ფიქრები დიდიე დეშამთან არის. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით და ხვალ ვარჯიშზე ის ჩვენთან ერთად იქნება. გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა – ფეხბურთით ვისიამოვნეთ, მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ და ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. ოთხი გოლი გავიტანეთ – უსმანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო დეზირე დუემ სანაკრებო კარიერაში თავით პირველად გაიტანა.
მატჩში ბევრი დადებითი მომენტი იყო და ასეც უნდა გავაგრძელოთ. თუმცა, იყო ეპიზოდებიც, როდესაც თავი საუკეთესოდ ვერ წარმოვაჩინეთ და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რაც უფრო წინ წავალთ ტურნირზე, მით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვეყოლება, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ბედნიერები ვართ და ამ გამარჯვებით დავტკბებით, მაგრამ ხვალ დიდიესთან ერთად მუშაობას დავუბრუნდებით და მომავალ შეხვედრაზე ვიფიქრებთ,“ – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწემ.