დიდიე დეშამი უსმან დემბელეს აკრიტიკებს
დიდიე დეშამი უსმან დემბელეს აკრიტიკებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ უსმან დემბელემ მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინოს, რათა უმაღლეს დონეზე შეძლოს თამაში. როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ნაკლი არაპუნქტუალობაა, რაც მას პრობლემებს უქმნის როგორც „ბარსელონაში“ ასევე ეროვნულ ნაკრებში.

ხუთშაბათს, 8 ნოემბერს, 21 წლის ფეხბურთელი ვარჯიშზე არ გამოჩნდა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ მიაგნეს მას საკუთარ ბინაში. ფეხბურთელმა თავი იმით იმართლა, რომ კუჭი ჰქონდა აშლილი.

ამის შემდეგ, პარასკევს, მან მარტომ ივარჯიშა, კვირას კი, „ბეტისთან“ მატჩისთვის, მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ის განაცხადში არ შეიყვანა.

„უსმანს ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. მისი მთავარი ნაკლი ის არის, რომ მუდამ იგვიანებს. თუმცა ვიცი, საკუთარი თავის დასაცავად იტყვის, მხოლოდ მერ არ ვარ ასეთიო. მე ვფიქრობ, „ბარსელონაში“ იქნება ადამიანი, საფრანგეთის ნაკრებში თუ რომელიმე სხვა კლუბში, პუნქტუალობას ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს პროფესიონალი ფეხბურთელის მოვალეობა და ცხოვრების ნაწილია“, – განაცხადა დეშამმა.