დიდიე დეშამი – პირადად მე ტურნირის მთავარ ფავორიტად ესპანეთი მიმაჩნია #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ესპანეთის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ, ვინაიდან ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. გასულ წელს მათ ერთა ლიგის ნახევარფინალშიც დავუპირისპირდით. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დაწყებიდან ფავორიტების სტატუსს ჩვენ გვაკუთვნებენ, პირადად მე მთავარ ფავორიტად მაინც ესპანეთი მიმაჩნია.
ამას მეტოქეზე ფსიქოლოგიური წნეხის გასაზრდელად ნამდვილად არ ვამბობ – ეს უფრო იმ შედეგების ობიექტური შეფასებაა, რასაც მათ ბოლო წლებში მიაღწიეს, თუნდაც ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ განცდილი მარცხის ფონზე. ესპანეთი უძლიერესი გუნდია თავისი მრავალი გამოკვეთილი პლუსით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში კი თამაშის ხარისხი და დონე ყოველთვის უმაღლესია“, – აღნიშნა დეშამმა.
საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.