დიდია ალბათობა, რომ ტოპ ლიგის კლუბში მოხვდეს - საზონოვისადმი „ლიონის“ ინტერესი ოფიციალურად დადასტურდა #1TVSPORT
დიდია ალბათობა, რომ ტოპ ლიგის კლუბში მოხვდეს - საზონოვისადმი „ლიონის“ ინტერესი ოფიციალურად დადასტურდა #1TVSPORT

საბა საზონოვი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გადავიდეს – ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მცველის კლუბში (მოსკოვის „დინამო“) ოფიციალურად დაადასტურეს.

„რა მდგომარეობაა საზონოვთან დაკავშირებით? საბა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ახალგაზრდული ევროს შემდეგ, მის მიმართ ევროპის კლუბების მხრიდან ინტერესი მართლაც გაზრდილია.

ღირსეული შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც მისაღები იქნება კლუბისა და მოთამაშისთვის, დიდია ალბათობა, რომ ის ევროპის ერთ-ერთი ტოპ ლიგის კლუბში მოხვდება.

რაც შეეხება „ლიონს“, გამოგვიგზავნა თუ არა ოფიციალური შეთავაზება – როგორც ვიცი, ფრანგული კლუბი ფეხბურთელებს დროებით ფინანსური შეზღუდვების გამო ვერ ყიდულობს, მაგრამ „ლიონს“ და არა მარტო მას, საბას მიმართ ინტერესი გააჩნია“, – განაცხადა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, დიმიტრი გაფინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ L’Équipe-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერში „ლიონი“ 3-4 მილიონ ევროს იხდის და ფრანგები მოსკოვის „დინამოს“ შეუთანხმდნენ, მაგრამ საზონოვი ერთწლიანი იჯარით ბელგიურ „მოლენბეკში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ის შემდეგ საბა საზონოვი ორმა ინტერნეტპორტალმა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.