დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად გმობენ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად გმობენ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც ესწრებოდა.
მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება უკრაინაზე, მის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიუპოლისა და სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი მიუღებელია. მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კანონით ადამიანის უფლებათა შესახებ ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, უზრუნველყოს, ჰუმანიტარული წვდომა, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრები კვლავ შეძრწუნებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით და კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმეს მიმდინარე აგრესია, ისევე როგორც მასში ბელარუსის ჩართვა.
„მინისტრები უმკაცრესად გმობენ სამოქალაქო პირებზე განურჩეველ თავდასხმებს. პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებული და სამარცხვინო ომის გამო, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, თეატრებისა და სკოლების განადგურება გრძელდება. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშმა დარღვევამ უკვე საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია მისი მთავრობა და მომავალშიც გაგრძელდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მინისტრები მიესალმებიან და მხარს უჭერენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დროებითი ზომების შესახებ დადგენილებას და მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს დროებითი ზომების ბრძანება, რომელიც სავალდებულოა მხარეებისთვის.
მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები, მათ შორის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ შეიარაღების განურჩევლად გამოყენებისთვის, პასუხისგებაში მიეცემიან. მინისტრები მიესალმებიან მიმდინარე გამოძიებას და მტკიცებულებების შეგროვებას, მათ შორის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორის მიერ.