დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ პირველი სათასო მატჩი მოიგო [ვიდეო]

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის პირველი მეოთხედფინალურ შეხვედრაში გასვლაზე „კარმიოტისს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 1:2 დაამარცხა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში თემურ ქეცბაიამ ამჯერად მხოლოდ მურთაზ დაუშვილი დააყენა, ხოლო გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი დაასვენა და განაცხადშიც არ იყვნენ. მხოლოდ მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე გიორგი ქვილითაია, როდესაც ქეცბაია მიხვდა, რომ სათასო მატჩში დაყენებულ, ფაქტობრივად სარეზერვო შემადგენლობას დახმარება სჭირდებოდა.

მე-20 წუთზე ანგარიში ფამაგუსტელთა ნახევარმცველმა, დორ მიხამ შორეული დარტყმით გახსნა. „კარმიოტისამ“ იბრძოლა და წონასწორობა 61-ე წუთზე ედენ ჰერშკოვიჩის გოლით გაათანაბრა. თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ ფამაგუსტას გუნდი დამატებული დროის პირველ წუთზე კვლავ დაწინაურდა – მარჯვენა ფლანგიდან ოვანეს ამბარცუმიანის ჩაწოდებული ბურთისთვის გიორგი ქვილითაიამ იბრძოლა და ვერ შესწვდა, მაგრამ მასპინძელთა მცველმა, მარიუს სტილიანოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ანორთოსისმა“ 1:2 მოიგო.

განმეორებითი თამაში ოთხშაბათს, 3 მარტს „სტადიო ანტონის პაპადოპულოსზე“ გაიმართება და მასპინძელი ქეცბაიას გუნდი იქნება.