დიდი ხნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში - ჩაკვეტაძე „გენტის“ სასტარტოში დაბრუნდა #1TVSPORT
დიდი ხნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში - ჩაკვეტაძე „გენტის“ სასტარტოში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა – ეს ბელგიის ჯუპილერ ლიგის მე-5 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში მოხდა, სადაც მისი „გენტი“ „ანდერლეხტს“ ესტუმრა.

ტრავმიანობით გამოწვეული ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ფორმის აღდგენას ახერხებს, გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი ბოლო ორ წელიწადში პირველად ითამაშა.

„გენტის“ მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გიორგის ენდო და მართალია, გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ აქტიურობდა, ბევრს მოძრაობდა და მინიმუმ, კარგ ფიზიკურ კონდიციებში შედის. ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს.

ბრიუსელის „ლოტო პარკზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე „გენტის“ მცველმა ალესიო კასტრო-მონტესმა გახსნა. „ანდერლეხტმა“ მეორე ტაიმის 59-ე წუთზე სერხიო გომესის წაქცევისთვის „გენტის“ კარში პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ლიორ რაფაელოვმა უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

ბელგიის ჯუპილერ ლიგაში გამართული 5 ტურის შემდეგ „გენტმა“ 8 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „სერკლ ბრიუგემ“ და ლუკა ზარანდიას „ზულეტ ვარეგემმა“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-14 ადგილზე დაწინაურდა.

შემდეგ მატჩს „გენტი“ 26 სექტემბერს საკუთარ მოედანზე სწორედ „სერკლ ბრიუგესთან“ გამართავს, ხოლო 30 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.

„გენტის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენა სანაკრებო თამაშებამდე გვაიმედებს, რომ ოქტომბრის მატჩებს სასურველ ფორმაში შეხვდება, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

დატოვე კომენტარი