დიდი დოზით აქვს ის თვისებები, რაც ნახევარმცველს სჭირდება - „კრემონეზეს“ ლეგიონერი დაჩი ლორთქიფანიძე იტალიური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

დაჩი ლორთქიფანიძე იტალიაში გამართული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „კრემონეზეს“ 19-წლამდელთა გუნდის ქართველი კაპიტანი ლომბარდიაში, საკურორტო ქალაქ სან პელეგრინოში დასრულებულ „ანჯელო კუანეგის“ თასზე აღიარეს.

ოთხთა ტურნირზე დაჩის გუნდმა ჯერ „ატალანტა“ დაამარცხა 4:1, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ფინალში გუნდი ერთი წლით უფროსი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „ალბინოლეფეს“ დაუპირისპირდა, რომელმაც ნახევარფინალში „ვერონას“ 2:1 სძლია.

ფინალში ლორთქიფანიძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ქართველმა თანაგუნდელებს რამდენიმე საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ ამით კრემონელებმა ვერ ისარგებლეს და, საბოლოოდ, თამაში პენალტების სერიით მოიგეს.

ტურნირამდე დაჩიმ ინდივიდუალური მომზადება გაიარა იქ, სადაც სანდრო ტონალი და მარიო ბალოტელი ემზადებოდნენ.

ქართველ ნახევარმცველს საუკეთესო მოთამაშის პრიზი მარინო მაგრინიმ გადასცა. ის „იუვენტუსის“, „ატალანტასა“ და „ვერონას“ ყოფილი მოთამაშეა.

„ამ ტურნირზე ბევრი ნიჭიერი ბავშვი იყო, მაგრამ ჩვენი არჩევანი ლორთქიფანიძეზე შეჩერდა. მას ყველა ის თვისება დიდი დოზით აქვს, რაც ნახევარმცველს სჭირდება“, – ამბობს მარინო მაგრინი.