დიდი ალბათობით, საქართველო-ბელარუსის შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება
დიდი ალბათობით, საქართველო-ბელარუსის შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციაში ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში საუკეთესოს საკუთარ სტადიონზე მიიღებს.

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები საშობაო შვებულებაში არიან და ამ ცნობაზე ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს პირველი არხის ცნობით კი, საქართველო-ბელარუსის მატჩის სხვა სტადიონზე გამართვის შესაძლებლობა არც განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის სიტყვები, თითქოს, საქართველო-ბელარუსის ნაკრებების ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი 26 მარტს არა „დინამო არენაზე“, არამედ, ბათუმის მშენებარე სტადიონზე გაიმართებოდა. სტადიონზე საერთაშორისო მატჩების გასამართად საჭიროა ჯერ მისი გახსნა, მერე კი უეფა-ს თანხმობა – ამას კი დრო სჭირდება.