„დიარიო ასი“ - მამარდაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც „ვალენსიაში“ 50 მატჩი ითამაშა #1TVSPORT
„დიარიო ასი“ - მამარდაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც „ვალენსიაში“ 50 მატჩი ითამაშა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 50-ე თამაში ჩაატარა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა, – ამის შესახებ გამოცემა „დიარიო ასი“ წერს.

„გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგის ეგიდით, „ვალენსიაში“ 50 მატჩი ჩაატარა. კლუბის არსებობის მანძილზე არცერთ მეკარეს 22 წლის ასაკში ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

მამარდაშვილმა 50-მატჩიან ბარიერს 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში მიაღწია. მეკარეს მუდამ განსაკუთრებული როლი აქვს გუნდის თამაშში. მწვრთნელები უპირატესობას უფრო მეტად გამოცდილებს ანიჭებენ და ახალგაზრდებს, როგორც წესი, შესაძლებლობების გამოსავლენად ლოდინი უწევთ.

„ვალენსიას“ ისტორიაში არიან მეკარეები, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში გამოირჩეოდნენ, თუმცა არა – მამარდაშვილის მსგავსად. ამგვარად, ქართველმა ნაადრევად აჯობა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იგნასიო ისაგირე (23 წელი, 2 თვე და 9 დღე), მანზანედო (23 წელი, 3 თვე და 17 დღე) და სემპერე (23 წელი, 10 თვე და 24 დღე) არიან.

ქართველის სახელი სამუდამოდ დარჩება კლუბის ისტორიაში, რადგან ის „ვალენსიას“ იჯარით, სარეზერვო გუნდის გასაძლიერებლად შეუერთდა, თუმცა მთელი რიგი გარემოებების (სილესენისა და ხაუმეს ტრავმები) გამო ხოსე ბორდალასმა ლა ლიგის 18 მატჩში (სამი მატჩი თასზე, მათ შორის ფინალი „ბეტისის“ წინააღმდეგ) ათამაშა.

ასაკიდან და თვისებებიდან გამომდინარე, მამარდაშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „ვალენსიას“ მეკარე დიდი ხნის განმავლობაში იყოს. თუმცა, სავარაუდოდ, პიტერ ლიმის („ვალენსიას“ მფლობელი) გუნდში არ დარჩება. ქართველის წარმომადგენლები პრემიერლიგის კლუბებთან შეხვედრებს ატარებენ, რაც იმის დასტურია, რომ ინგლისური გუნდები დაინტერესებულნი არიან ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლის საბაზრო ღირებულება, Transfermarkt-ის შეფასებით, 25 მილიონი ევროა.

„ვალენსია“ ბოლო სეზონში ლა ლიგაში ქულებს ქართველი მეკარის სეივებითაც ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო დროს ისიც ნაკლებად თავდაჯერებულია. ამის მიუხედავად, „ოპტას“ (ანალიტიკური კომპანია) რეიტინგში მეექვსე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატის იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერიეს“, – წერს „დიარიო ასი“.