დიაგნოზი ცნობილია - ლორია სანაკრებო მატჩებისთვის მზად იქნება #1TVSPORT
დიაგნოზი ცნობილია - ლორია სანაკრებო მატჩებისთვის მზად იქნება #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში, „ნეა სალამინასთან“ გასვლით მატჩში გიორგი ლორიას იძულებითმა შეცვლამ „ანორთოსისის“ სამწვრთნელო სტაფი აანერვიულა.

საბედნიეროდ, კვიპროსული მედიის ცნობები დამაიმედებელია – ყველაზე ცუდი სცენარი გამოირიცხა, საქართველოს ნაკრების მეკარე გუნდსაც დაუბრუნდება და მარტში „ჯვაროსნებს“ შეკრებაზეც შეუერთდება.

„გიორგი ლორიას ტრავმის ხარისხის დასადგენად სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგებმაც ქართველი მეკარეც და გუნდის ადმინისტრაციაც ძალიან გაახარა. ლორია ტვინის შერყევას გადაურჩა, რაც მას კვირები დაასვენებდა – გიორგის მხოლოდ კუნთების უმნიშვნელო პრობლემა დაუდგინდა“.

ერთ-ერთი გამოცემის მტკიცებით, 37 წლის ფეხბურთელი „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს: „თუმცა, არის ალბათობა, რომ ლორიამ 20 თებერვალს „პაფოსთან“ ითამაშოს. ეს საკითხი თუ ჯერ გაურკვეველია, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ლიმასოლის აელ-თან (25 თებერვალს) ლორია ჩვეულებრივ მზადყოფნაში და ვესკო მიხაილოვიჩის (მწვრთნელის) განკარგულებაში იქნება“.