დი ლორენცო კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია - ხვიჩას „ვერონასთან“ ძირითადში ელიან #1TVSPORT
დი ლორენცო კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია - ხვიჩას „ვერონასთან“ ძირითადში ელიან #1TVSPORT

როგორი შეტევა იქნება „ნაპოლი“ მერტენსის და ინსინიეს გარეშე? ჯოვანი დი ლორენცო Il Roma-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სპალეტის მოყვანილ ახალ ფორვარდებში დარწმუნებულია.

„ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე, რომლებიც ნაპოლის ისტორიაში შევიდნენ. მაგრამ წინ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც შეიძლება მათი შესანიშნავი შემცვლელები გახდნენ. კვარაცხელია ერთბაშად მოერგო სპალეტის სქემას. ის გასაოცრად მოძრაობს და მას ჩვენი გულშემატკივარი აუცილებლად დააფასებს. მარცხნიდან არც ლოზანოს და პოლიტანოს დავივიწყებდი. წინ კი ოსიმენია – გამორჩეული ბომბარდირი. ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს ჯოვანი დი ლორენცო.

იტალიაში ახალი სეზონი ამ უქმეებზე განახლდება. „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს გასვლაზე „ვერონასთან“ გამართავს. ინტერნეტ-პორტალმა football-italia-მ მატჩის პრევიუში ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში დაასახელა.

„ნაპოლი“ იწყებს სერია ა-ს კამპანიას და ჩრდილოეთში „ვერონასთან“ დასაპირისპირებლად მიემგზავრება. ყველა პროგნოზი, სავარაუდოდ, სტუმრების სასარგებლოდ იქნება. ორშაბათის თამაში „ნაპოლისთვისაც“ არ იქნება იოლი, რადგან ამ ზაფხულში გუნდში დიდი დანაკარგი დაფიქსირდა. კლუბი კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ და ბომბარდირმა დრის მერტენსმა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს, ხოლო კალიდუ კულიბალი „ჩელსიში“ გაყიდეს. ისინი სპალეტიმ პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და კორეელი ცენტრალური მცველით, კიმ მინ ჯაეთი შეცვალა“, – წერს ინტერნეტ-პორტალი.