დღის მატჩი ზვერევმა მოიგო - აშშ-ის ღია, კაცები, I წრე
დღის მატჩი ზვერევმა მოიგო - აშშ-ის ღია, კაცები, I წრე

აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრის შემდეგ, პირველი წრის მთავარ მატჩად მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანის ალექსანდრ ზვერევისა და უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონის კევინ ანდერსონის დაპირისპირება მოინათლა. ზვერევი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ერთი კვირის წინ, ცინცინატის „მასტერსზე“ ზვერევმა პირველივე წრეში წააგო ენდი მარეისთან.

გერმანელმაც და სამხრეთაფრიკელმა მაქსიმალურად დამაჯერებლად ითამაშეს საკუთარ მოწოდებაზე და ოთხსეტიან მატჩში ბრეიკები ცოტა იყო. სხვათა შორის, ანდერსონმა უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, ვიდრე ზვერევმა (ხუთი ოთხის წინააღმდეგ), მაგრამ გერმანელს უკეთესი რეალიზაცია ჰქონდა – მან სამი ბრეიკი შეასრულა, ანდერსონმა – ორი.

ზვერევმა „ვინერსების“ რაოდენობითაც აჯობა აფრიკელს – 52:47 და უფრო ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა – 33:42, რამაც განაპირობა მისი გამარჯვება – 7:6(2), 5:7, 6:3, 7:5. ანდერსონმა მხოლოდ ეისების რაოდენობით მოუგო მეტოქეს – 20:18.

სხვათა შორის, ზვერევისთვის ანდერსონი ყოველთვის მოხერხებული მეტოქე იყო – ურთიერთშეხვედრებში გერმანელი 6:0-ს იგებს. ზვერევის შემდეგ მეტოქე ახალგაზრდა ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა, რომელმაც გამოცდილ იტალიელს პაოლო ლორენცის სამ სეტში აჯობა.