დღეს „ყველაზე ცივი“ ოლიმპიადა იხსნება
დღეს „ყველაზე ცივი“ ოლიმპიადა იხსნება

თბილისის დროით 15 საათზე, ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია დაიწყება და როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, ეს იქნება ყველაზე ცივი ოლიმპიადა, რომელიც ოდესმე გამართულა.

ორგანიზატორები მაყურებლებს სკამებზე თბილ დასაფენებს, პლედებსა და გათბობის სხვა საშუალებებს სთავაზობენ, რადგან პიონჩანგში ტემპერატურა შესაძლოა -25 გრადუსამდე დაეცეს. ეს 14 გრადუსით უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 1994 წელს, ნორვეგიის ლილეჰამერში დაფიქსირდა.

ტურნირები ორ სხვადასხვა ადგილას იმართება. ესენია სამთო-სათხილამურო კურორტი ალპენსია და ზღვისპირა განგნუნგი, სადაც ძირითადად გადახურული სპორტული დარბაზებია.

ოლიმპიური სტადიონი, რომელზეც დღეს გახსნა უნდა გაიმართოს, ალპენსიაში მდებარეობს. არენა გადახურული არ არის და საზეიმო ცერემონიის დროს მეტეოროლოგები -5 გრადუსს ვარაუდობენ. ეს, რა თქმა უნდა, საგრძნობლად განსხვავდება სოჭის კლიმატისგან, სადაც 4 წლის წინ 20 გრადუსი სითბო დაფიქსირდა, რის გამოც სოჭი 2014 ყველა დროის ყველაზე თბილ ზამთრის ოლიმპიადად მოინათლა.

ასეა თუ ისე, კორეელი მეტეოროლოგები გვაიმედებენ, რომ 23-ე ზამთრის ოლიმპიადის გახსნას დღეს წინ არაფერი დაუდგება, ჩვენი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ მომდევნო 17 დღის განმავლობაში პირდაპირ რეპორტაჟებს პირველ და მეორე არხებზე შემოგთავაზებთ.