დღეს, უიმბლდონზე მამაკაცი ფინალისტები გამოვლინდებიან
დღეს, უიმბლდონზე მამაკაცი ფინალისტები გამოვლინდებიან

დღეს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის ტურნირზე, კაცებს შორის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და დიდი სლემის 14-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. ისინი ერთმანეთს ათჯერ შეხვედრიან, საიდანაც შვიდჯერ ნოვაკმა იმარჯვა. ბოლო ორ დაპირისპირებაში კი, რომლებიც 2019 წელს გაიმართა, ორივეჯერ ესპანელმა მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სერბს იოლი გასეირნება არ ელოდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბალახზე მეტოქეებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ.

მეორე ნახევარფინალში ისტორიულ დაპირისპირებას ვიხილავთ. დიდი სლემის 20-გზის და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი – როჯერ ფედერერი, თიხის მეფედ წოდებულ ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 24:15-ია რაფას სასარგებლოდ, ბალახზე კი როჯერი ლიდერობს ანგარიშით 2:1. მათი ბოლო შეხვედრა, 2019 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში შედგა, სადაც სამ სეტში ნადალმა გაიმარჯვა. მანამდე როჯერმა მიყოლებით ხუთ შეხვედრაში შეძლო რაფას დამარცხება. ბოლოს ბალახზე ფედერერი – ნადალის დაპირისპირება 2008 წელს შედგა. ისტორიულ შეხვედრაში ესპანელმა ხუთ სეტში აჯობა ფედერერს.

პირველი შეხვედრა, ჯოკოვიჩი – ბაუტისტა აგუტი, თბილისის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი. ფედერერი – ნადალის დაპირისპირება მისი დამთავრებისთანავე დაიწყება.