დღეს სფფ-ის აღმასკომი დებულებასა და სადისციპლინო კოდექსში ცვლილებებს განიხილავს #1TVSPORT
დღეს სფფ-ის აღმასკომი დებულებასა და სადისციპლინო კოდექსში ცვლილებებს განიხილავს #1TVSPORT

22 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება – ინფორმაციას სფფ-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ცნობაში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიცაა მითითებული: პირველი და ყველაზე მთავარია საქართველოს 2022 წლის ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ისა, ლიგა 4-ის, საქართველოს 2022 წლის თასის, ასევე 2023 წლის სუპერთასის დებულებასა და სადისციპლინო კოდექსში ცვლილებების შეტანა.

აღმასკომზე გახდება ცნობილი, რამდენად შეეფერება სიმართლეს გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ცვლილება ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელი გუნდების რაოდენობას შეეხება და პირდაპირ 2 გუნდი დაქვეითდება, მათ ადგილს კი ლიგა 2-ის ორი საუკეთესო კლუბი დაიკავებს. აქამდე კი 1 გუნდი ვარდებოდა.

ასევე დიდი ინტერესს იწვევს, დაინერგება თუ არა საქართველოში ვიდეორეფერის სისტემა, რომლის განხორციელებაც ორი წლის წინ დაიწყო. სფფ-ს ხელმძღვანელებმა გასულ წელს უკვე დაანონსეს, რომ სისტემა საქართველოს ჩემპიონატშიც მალე ამოქმედდება.

ამას გარდა, სფფ-ის კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულების 2022 წლის რედაქციას დაამტკიცებს. ასევე გათვალისწინებულია კიდ სხვა საკთხების განხილვა.