დღეს საქართველოს ნაკრების დაბადების დღეა - 1990 წელს ლიეტუვასთან ისტორიული მატჩი ფრედ დასრულდა [ფოტო+ვიდეო] #1TVSPORT

27 მაისი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დაბადების დღეა. 33 წლის წინ „ჯვაროსნებმა“ პირველი შეხვედრა ლიეტუვასთან გამართეს.

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პირველი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ფედერაციას გამოეყო და დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა. ამას მოჰყვა ეროვნული ნაკრების დაფუძნებაც, რომელსაც, სიმბოლურად, ამხანაგური მატჩი უნდა გაემართა. ნაკრების პირველ მწვრთნელად გივი ნოდია დანიშნეს.

პრობლემა უცებ გამოჩნდა – ყველა მოერიდა თამაშს საქართველოსთან, რომელიც უეფა-სა და ფიფა-ს წევრი არ იყო. საბჭოთა კავშირის ფედერაციას კი შეეძლო, იმ ნაკრების დასჯა მოეთხოვა, რომელიც წევრად არაღიარებულ ჩვენს ნაკრებს შეხვდებოდა.

ერთადერთი, ვინც საქართველოს ფედერაციის მიმართვას გამოეხმაურა, აღმოჩნდა ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც დამოუკიდებლობის გზას ჩვენ შემდეგ დაადგა. თამაშის გამართვა თბილისში, 27 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდეგ გადაწყდა.

თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე („ამჟამად „დინამო არენა“) გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, არმინას ნარბეკოვასმა პენალტით გახსნა. გია გურულმა წონასწორობა მეორე ტაიმში საჯარიმო დარტმით აღადგინა. ლიეტუველები ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ისევ დააწინაურა, მაგრამ კახი კაჭარავამ მატჩის მიწურულს საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველო 2:2 ლიეტუვა

გოლები: 0:1 ნარბეკოვასი (12), 1:1 გურული (62), 1:2 ბალტუშნიკასი (66), 2:2 კაჭარავა (81)

საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)

მწვრთნელი: გივი ნოდია

ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი

მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი

მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი, ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია