დღეს „საბურთალოს“ საქართველო უყურებს - ჩემპიონთა მატჩი პირველ არხზე
დღეს „საბურთალოს“ საქართველო უყურებს - ჩემპიონთა მატჩი პირველ არხზე

„საბურთალო“ დღეს ზაგრებში „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში 19 ფეხბურთელით ჩავიდა. ზაგრებში „საბურთალოს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია დაემატა. მაგრამ დანაკლისი გაცილებით დიდია – სხვადასხვა მიზეზით ვერ ითამაშებენ ვაგნერ გონსალვესი. ლაშა შინდაგორიძეელვინ ტერა და გიორგი კოხრეიძე.

ზაგრებელებს კი ტრავმამორჩენილი ლიდერები დაუბრუნდნენ – დანი ოლმო და ფრანსუა მუბანჟე თამაშისთვის ემზადებიან. პირველი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია და ივნისში იტალიაში დასრულებულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალში გერმანიას (ესპანელებმა 2:1 მოიგეს) გოლი გაუტანა. ფრანსუა მუბანჟე კი მცველია და შვეიცარიის ნაკრების ფორმა 21-ჯერ მოურგია. არც ერთ მათგანს ახალი სეზონში ტრავმის გამო ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბელიცამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საბურთალოსთან“ ორივე მათგანს მისცემს დროს.

ხორვატიისა და საქართველოს ჩემპიონების მატჩის განსჯა უეფამ იტალიელებს დაავალა. მთავარი არბიტრი დანიელ დოვერია, ასისტენტები – მატეო პასერი და ლუკა მონდინი, ხოლო მეოთხე მსაჯი – ჯანპაოლო კალვარეზე.

ევროთასებზე მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ზაგრების „დინამო“ დასაჯა და „საბურთალოსთან“ დღევანდელ შეხვედრას ზაგრების „მაქსიმირზე“ ცარიელი ტრიბენების წინაშე ჩაატარებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საინტერესო რამ თქვა – „ცარიელ ტრიბუნებზე არ ვთამაშობთ, რადგან ჩვენ ჩამოგვყვნენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ისტორიის მქონე კლუბი ვართ, ამ პერიოდში ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ. ხვალინდელი მატჩი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდი რაოდენობა გვიყურებს და გვიგულშემატკივრებს“.

ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოსთან““მატჩი თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ონლაინ რეჟიმში მატჩის ყურება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.