დღეს პარიზში „ოქროს ბურთის“ მფლობელი გაირკვევა
დღეს პარიზში „ოქროს ბურთის“ მფლობელი გაირკვევა

3 დეკემბერს, პარიზში გამოვლინდება „ოქროს ბურთის“ მფლობელი. ეს არის პრიზი, რომელსაც 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ (France Football). ცერემონიის დასაწყისია – 00:00 თბილისის დროით.

„ოქროს ბურთი“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც დააწესა „ფრანს ფუტბოლის“ მთავარმა რედაქტორმა გაბრიელ ანომ. პირველი გამარჯვებული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად 1956 წელს გამოვლინდა.

თავდაპირველად აჯილდოვებდნენ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს, 1995 წლიდან კი მოთამაშეთა ეროვნებას ყურადღება აღარ ექცევა. 2010-15 წლებში „ოქროს ბურთს“ ერთობლივად გადასცემდნენ ფიფა და „ფრანს ფუტბოლი“.

ლიდერები ტიტულების რაოდენობით არგენტინელი ლიონელ მესი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ არიან – მათ ხუთ-ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვთ მოგებული. 2008 წლიდან მოყოლებული, პრიზს ამ ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი იღებდა.

2018 წლის „ოქროს ბურთზე“ ფავორიტად მიიჩნევა ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელიც წელს უკვე აღიარეს ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად.