დღეს ოლიმპიადაზე მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამას წარმოადგენს, გიგანტურ სლალომში ნინო წიკლაური გამოვა – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, 13:00 საათზე გიგანტურ სლალომში ნინო წიკლაური გამოვა, 22:45 საათიდან კი ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი, ანატასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, მოკლე პროგრამას წარმოადგენს – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ქალთა გიგანტურ სლალომში 76 მოთხილამურე მონაწილეობს, პირველ დაშვებას ნინო წიკლაური 69-ე ნომრად შეასრულებს.

წიკლაური ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მონაწილეობს. ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგი მას 2022 წელს ჰქონდა – 34-ე ადგილი, ხოლო კარიერის საუკეთესო შედეგი 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სლალომში 28-ე ადგილია.
ფიგურული ციგურაობის ტურნირში მოკლე პროგრამას 19 სპორტული წყვილი შეასრულებს, მეტელკინა და ბერულავა ყინულზე მე-16 ნომრად გამოვლენ – მედლებისთვის ბრძოლას 16 წყვილი გააგრძელებს, რომლებიც 16 თებერვალს თავისუფალი პროგრამით გამოვლენ.