ლაშა ტალახაძე დღეს მეორე ოლიმპიურ მედალს შეუტევს - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა ტალახაძე დღეს მეორე ოლიმპიურ მედალს შეუტევს - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა. დღეს ლაშა ტოკიო 2020-ის ფიცარნაგზე გამოვა და მეორე ოქროსთვის იბრძოლებს. მძიმეწონოსან ძალოსანთა შეჯიბრება თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2015 წელს აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 454 კგ. დაძლია და მეორე ადგილს დასჯერდა. მაშინ ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის დოპინგის მოხმარებაში ამხილეს, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონად ლაშა ტალახაძე აღიარა.

2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ დამყარებული რეკორდი ახალგაზრდა ქართველმა 16 წლის შემდეგ ასევე ოლიმპიურ ფიცარნაგზე დაამხო და ერთი კგ-ით გააუმჯობესა.

მოსკოვი – 2021 წლის 11 აპრილი.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი უნდა აჟღერებულიყო… საქართველოში იმდენად დაბეჯითებით იყო ამ მოლოდინზე საუბარი, თითქოს სცენარიც წინასწარ გაწერილი გვქონდა.

„ეს გამარჯვება პირადად ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო, რადგან მოსკოვში ჩასვლის წამიდან ვითვლიდი წუთებს, როდის დადგებოდა ნანატრი 11 აპრილი – იტყვის საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუესტაფეტას“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და დასძენს, რომ მოსკოვში ყველა მისი თანაგუნდელის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო.

„9 აპრილს, როდესაც უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ 3 ოქროს მედალი მოიგო და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, ეს დიდი ტრიუმფის საწყისად იქცა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ძალოსნობა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც ლიდერ პოზიციაზე იმყოფება და ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრის დამსახურებაა.

პირველობის ეს განცდა განსაკუთრებით სხვა სიმაღლეს იპყრობს, როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოში ჩადიხარ და არა მარტო გამარჯვებაზე, არამედ ახალ რეკორდებზეც ვფიქრობდი.

ირაკლი თურმანიძესთან რა მოხდა? – მე და ირაკლი შეკრებების დროს 24 საათის განმავლობაში მუდამ ერთად ვართ და, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მას ფეხის ძველმა ტრავმამ თავი შეახსენა, მაგრამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუმალა და არც მე მითქვამს გია მას-ისთვის. ირაკლის არ სურდა გიორგი ასანიძის ზედმეტად აფორიაქება და ფიქრობდა, რომ რაღაც შედეგს მაინც დადებდა.

როდესაც ირაკლიმ ევროპის ჩემპიონატი ნულოვანი შედეგით დაასრულა, ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ფსიქოლოგიური ემოცია წამებშივე დავივიწყე.

222 – ძალიან კარგად მახსოვს ეს სიტყვები, როდესაც გია მასწავლებელმა მითხრა – შეხედე, საკმაოდ ლამაზად ჩანსო… იქვე ბევრი გამამხნევებელი სიტყვაც იყო, მაგრამ ჯერ 222-ის სილამაზე ვიზუალურად, შემდეგ კი რეალურად ავიტაცე… მთავარი კი იცით, რა არის?! – რომ ეს 222 ლამაზად ჯერ გია მასწავლებელმა დაწერა…

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ყველა მილოცავს და ყველა გვილოცავს. მადლობა ყველას… მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ფედერაციის და ჩვენი გუნდის ყველა წევრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ გამარჯვების მიღწევა ბევრად რთული იქნებოდა. პანდემიის შემდგომ პერიოდში ეს იყო სიხარული, რომელიც ყველამ ერთად იზეიმა.

გჯეროდეთ, ყველა თქვენგანის ეს ემოცია და შეძახილი თითოეულ ჩვენგანს ძალიან აძლიერებს“.

ეს ტოკიომდე იყო, ტოკიოში ჩასვლის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ლაშა ტალახაძემ ვარჯიშის დროს 315 კგ-იანი შტანგა ზედიზედ სამჯერ ასწია.

ისე კი, ლაშასგან ყველაფერია მოსალოდნელი და ვინ იცის, იქნებ დღეს გია მას-ი 500-ის დასაწერადაც ემზადება…

14:50-დან უყურეთ პირველ არხს.

დღევანდელი დღისთვის ლაშას მშობლიურ საჩხერეში საგანგებოდ მოემზადნენ. გულშემატკივარი საჩხერის სტადიონზე შეიკრიბება და დიდ ეკრანზე იხილავს ქართველი გოლიათის ასპარეზს.

2021 წლის 4 აგვისტო – დღე, რომელმაც ისტორია უნდა შექმნას… იქნება ეს ისტორიული ციფრი 500?დაველოდოთ და ვნახოთ…