დღეს კონფერენსლიგაზე „დინამო თბილისი“ „მონდორფს“ უმასპინძლებს – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
16 ივლისს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისი“ ლუქსემბურგის „მონდორფს“ თბილისში უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება – მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დინამოელებმა ლუქსემბურგში გამართული პირველი შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და გვინეელი თავდამსხმელის, ალგასიმ ბასა და მათე ვაწაძის გოლებით დაწინაურდნენ – 2:0.
მეორე ტაიმში ჰატიმ ფარიმ 71-ე წუთზე უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, ქეცბაიას გუნდმა შეხვედრა გამარჯვებამდე (2:1) მიიყვანა და საპასუხო შეხვედრაში წყვილის ფავორიტია.
ლუქსემბურგული გუნდის ძლევისა და კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „დინამო თბილისი“ მონტენეგროს „პეტროვაცისა“ და ლიეტუვური „ჟალგირისის“ (პირველი მატჩი „ჟალგირისმა“ სტუმრად 3:1 მოიგო) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.