დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლების, შოთა და არჩილ არველაძეების დაბადების დღეა – ტყუპები 50 წლის გახდნენ.

ძმებმა ვარჯიში „ავაზას“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყეს და 1990-1993 წლებში ერთად მოხვდნენ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1993-1997 წლებში – „ტრაბზონსპორში“. ერთად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის მფლობელები (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, ხოლო „ტრაბზონსპორში“ – თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელები (1996). მერე მათი გზა გაიყო.

აჩი ნიდერლანდურ „ბრედაში“ (1997–2000) გადავიდა, მერე იყო „კიოლნი“ (2000-2003), სადაც ტრავმებმა ხელი შეუშალა კარიერის განვითარებაში, „დინამო თბილისში“ (2003) ხანმოკლე პერიოდით დაბრუნდა, კარიერა კი ტრავმის გამო თბილისის „ლოკომოტივში“ (2004-2005) 32 წლის ასაკში დაასრულა. ამის მიუხედავად, მაინც შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – 221 მატჩში 91 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1994-2002 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

შოთა არველაძე 1997-2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა. „დინამოში“, „ტრაბზონსპორსა“ და „აიაქსში“ კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს მოახერხა. შოთა არველაძე უეფა-ს თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზეა.

შოთამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც „ალკმაარში“ ლუი ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა. მერე მთავარ მწვრთნელად იმუშავა „ქაისერისფორში“, „ქასიმფაშაში“, „ტრაბსონსპორში“, ტაშკენტის „ფახთაქორში“, „ჰალ სიტიში“.

არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და 26 გოლით ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი – 1994, 1998 და 2007 წლებში.