დღეს „დინამო თბილისი“ ახალ ხელმძღვანელს წარადგენს - ალეკო რეხვიაშვილი ცხადაძესთან ადრეც თანამშრომლობდა #1TVSPORT
დღეს „დინამო თბილისი“ ახალ ხელმძღვანელს წარადგენს - ალეკო რეხვიაშვილი ცხადაძესთან ადრეც თანამშრომლობდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს პრესკონფერენცია გაიმართება. გუნდის პრეზიდენტი რომან ფიფია საზოგადოებას სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელს წარადგენს.

„დინამო თბილისის“ ახალი სპორტული დირექტორი ალეკო რეხვიაშვილი იქნება, რომელიც „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და „დინამო 2“-ში თამაშობდა. გამოდა ლანჩხუთის „გურიაში“, შეპეტოვკას „ტემპში“, რუსთავის „გორდაში“, იყო ლატვიური „სკონტოს“ კაპიტანი. ამ გუნდში გახდა ლატვიის ლიგის ერთ -ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ხოლო 2000/01 წლებში ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რეხვიაშვილს ასევე უთამაშია მოსკოვის „ტორპედო-ზილში“, „ვენტსპილსში“, „ბაკიში“ და „იურმალაში“. 1999-2006 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 21 მატჩი (0 გოლი) ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ ფიფა-ს ლიცენზირებული აგენტი გახდა და მოთამაშეები ლატვიაში, უკრაინაში, რუსეთსა და პოლონეთში მიჰყავდა. 2010-12 წლებში ის გახლდათ ლატვიური „ოლიმპსის“ სპორტული დირექტორი.

იმ პერიოდში ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო, რომელსაც ლატვიის ნაკრების ფეხბურთელი იგორ ტარასოვი ჩაუყვანა – მალე აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელ-სელექციონერი გახდა, 2012-2014 წლებში კი – სპორტული დირექტორი. ამავე პოზიციაზე 2019-2021 წლებში სოლიგორსკის „შახტიორში“ მუშაობდა. მის პერიოდში გუნდი ბელარუსის ჩემპიონი გახდა, მოიპოვა ბელარუსის თასი და სუპერთასი.