დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტი შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის გამო და მხარეებს სამხედრო კონფრონტაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს
დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტი შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის გამო და მხარეებს სამხედრო კონფრონტაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო და მხარეებს სამხედრო კონფრონტაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებაში.

დევიდ მაკალისტერმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ევროპარლამენტი უკიდურესად შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის რეგიონში ძალადობის ესკალაციის განახლების გამო. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მოვუწოდებთ სამხედრო კონფრონტაციების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. როგორც ევროპარლამენტს არაერთხელ განუცხადებია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტილება არ აქვს. ამის ნაცვლად, მას სჭირდება პოლიტიკური დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ეუთო-ს მინსკის ჯგუფისადმი აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შუამავლობის პროცესში. იმისათვის, რომ ამ შუამავლობას წარმატების შანსი ჰქონდეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა მკაცრად უნდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნას და სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს წინასწარი პირობების გარეშე და კეთილსინდისიერად“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.