დეტროიტმა ოვერტაიმში მოიგო - მოულოდნელობების დღე NBA-ში [ვიდეო]
დეტროიტმა ოვერტაიმში მოიგო - მოულოდნელობების დღე NBA-ში [ვიდეო]

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 შეხვედრა გაიმართა.

დეტროიტ „პისტონზმა“ საკუთარ მოედანზე ჰიუსტონ „როკეტსი“ მიიღო და მეტოქე ოვერტაიმში, ანგარიშით 116-111 დაამარცხა. მასპინძლებმა დამატებითი ხუთ წუთიანი მონაკვეთი გაცილებით უკეთ ჩაატარეს. დუეინ კეისის გუნდში ისევ შეტევის წინა ხაზი გამოირჩა. დრამონდი-გრიფინის წყვილის შეჩერება სტუმრებმა ვერ შეძლეს.  ბლეიკმა 28 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. დრამონდის ანგარიშზე კი 23 ქულა და 20 მოხსნა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველ ცენტრს, მხოლოდ 4 წუთი მიეცა სათამაშო დრო. დეტროიტი აღმოსავლეთში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ოთხ თამაშს საკუთარ დარბაზში ჩაატარებს.

დღის რამდენიმე შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა. ფიალდელფიამ საკუთარ მოედანზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთან, კლივლენდ „კავალიერსთან“ შეწყვიტა. სტუმრებმა 121-112 გაიმარჯვეს, თუმცა ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწიეს.

ასევე მოულოდნელი შედეგით დასრულდა მილუოკის და ფინიქსის დაპირისპირება. აღმოსავლეთის მეორე გუნდმა დასავლეთის ბოლო ადგილოსანთან საკუთარ „ბრედლი ცენტრში“ წააგო. მასპინძლებს იანის ანტეტუკონმპოს ორმაგმა დუბლმა (35 ქულა, 10 მოხსნა) ვერ უშველა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, იგორ კოკოშკოვის ფინიქსმა სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო. არიზონელებმა 116-114 გაიმარჯვეს. ფინიქსი მომდევნო შეხვედრას დეტროიტში ჩაატარებს.

სტეფ კარის გარეშე მოთამაშე გოლდენ სტეიტმა წარუმატებელი სერია დღეს, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ შეწყვიტა. „უორიორზმა“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ უშანსოდ, ანგარიშით 125-97 დაამარცხა. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი კვლავ კევინ დიურანტმა შეიტანა, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 31 ქულა მოიპოვა კლეი ტომპსონმა. „გოლდენ სტეიტი“ ამ ეტაპზე მეოთხე პოზიციაზეა.