დეტროიტმა კალიფორნიაში მოიგო - გრიფინმა ყოფილ გუნდს 44 ქულა ჩაუგდო [ვიდეო]
დეტროიტმა კალიფორნიაში მოიგო - გრიფინმა ყოფილ გუნდს 44 ქულა ჩაუგდო [ვიდეო]

დეტროიტ პისტონსმა“ მოგება გაიხსენა. მიჩიგანელებს ბოლო პერიოდში აშკარად უჭირთ, რაზეც გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი მეტყველებს. „პისტონსს“ უკანასკნელ ათ მატჩში, მხოლოდ ორი მოგება ჰქონდა. დღევანდელ დაპირისპირებაში, დეტროიტმა, „სტეიპლს ცენტრში“, „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 109-104 დაამარცხა. სატურნირო ცხრილის გარდა, აღნიშნულ შეხვედრას კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა. ბლეიკ გრიფინი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა. სტუმართა მძიმე ფორვარდმა ლოს ანჯელესში დაბრუნება 44 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით აღნიშნა. ზაზა ფაჩულიას კვლავ ტრავმა აწუხებს და სტუმრებს ვერ დაეხმარა.

დეტროიტელებმა, ამ მოგების შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მეცხრე ადგილი შეინარჩუნეს და პლეი-ოფის ზონასთან ერთი მოგება აშორებთ. „პისტონსი“ მორიგ შეხვედრას 15 იანვარს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

ოკლაჰომა და სან ანტონიო ბოლო სამ დღეში ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. წინა დაპირისპირება, ნამდვილი საკალათბურთო თრილერი გამოდგა, რომელიც ორი ოვერტაიმის შემდეგ „სფერსის“ გამარჯვებით და ლამარკუს ოლდრიჯის ბენეფისით აღინიშნა. სან ანტონიოს მძიმე ფორვარდმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 56 ქულა გააკეთა, ტექსასელებმა კი 154-147 მოიგო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის „თანდერის“ უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 122-112 დასრულდა. გამარჯვებულებს რასელ ვესტბრუკმა ულიდერა, რომელსაც 24 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა აქტივში.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „ოქეისიმ“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაიბრუნა. სან ანტონიო, ჯერჯერობით მეშვიდე პოზიციაზეა.