დეტროიტი შესაძლოა პლეი-ოფის გარეშე დარჩეს, ჰიუსტონმა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა
დეტროიტი შესაძლოა პლეი-ოფის გარეშე დარჩეს, ჰიუსტონმა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

დეტროიტ „პისტონსმა“ რეგულარული სეზონის მიწურულს ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და შესაძლოა, გუნდი პლეი-ოფში ვეღარ მოხვდეს. მიჩიგანალები ამჯერად საკუთარ დარბაზში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, შარლოტ „ჰორნეტსთან“ ანგარიშით 91-104 დამარცხდნენ. ამ წარუმატებელი სერიის მთავარი მიზეზი ბლეიკ გრიფინის არადამაჯერებელი თამაშია. გუნდის ლიდერმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორიც ადრე.

შარლოტელთა წინააღმდეგ გრიფინმა მხოლოდ 16 ქულის გაკეთება შეძლო. ზაზა ფაჩულია მასპინძელთა შორის განაცხადში არ ყოფილა. სტუმრებს კემბა უოქერმა ულიდერა 32 ქულით. „ჰორნეტსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

რაც შეეხება „პისტონსს“, ლარი დრიუს გუნდი ჯერჯერობით მერვე პოზიციაზეა, თუმცა შარლოტთან ერთად გადასწრების შანსი მაიამი „ჰიტსაც“ აქვს.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. დეტროიტი მომდევნო შეხვედრას საკუთარ დარბაზში მემფის „გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჰიუსტონ „როკეტსმა“ ფინიქს „სანზს“ 27 სამქულიანი ჩაუგდო და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი რეკორდი დაამყარა. ტეხასურმა კლუბმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მასპინძლებმა არიზონელები ანგარიშით 149-113 გაანადგურეს.

საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჯეიმს ჰარდენი იყო. „როკეტსის“ ლიდერმა 30 ქულა გააკეთა. ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და ბოლო მატჩს სტუმრად, ოკლაჰომა „სითი თანდერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. დღესვე თავისი შეხვედრა წააგო დენვერმა, თუმცა კოლორადოელები მოერე ადგილს ინარჩუნებენ. „ნაგეტსს“ ორი თამაში დარჩა და მინიმუმ ერთის მოგების შემთხვევაში, ამ პოზიციას შეინარჩუნებს.