დეპუტატების სამუშაო შეხვედრა 14-16 მაისსაც გაიმართება
დეპუტატების სამუშაო შეხვედრა 14-16 მაისსაც გაიმართება

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დეპუტატების სამუშაო შეხვედრა 14-16 მაისსაც გაიმართება. ამის შესახებ მან განაცხადა კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრაზე.

სამნიძის თქმით, არის საკითხები, რომელზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

„ამიტომ შევთანხმდით, რომ ასეთი სამუშაო შეხვედრა 14-16 მაისს გაიმართება. შევთანხმდით, რომ ამის შემდეგ, მომავალ კვირაში შეჯერებულ ვერსიას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით იმისთვის, რომ კონკრეტული დასკვნა გვქონდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მივიღოთ. შეხვედრები არის საქმიანი, მწვავე კამათიც არის.

მათ შორის, ეს თემა იყო ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი, თუმცა როგორც იცით, შარლ მიშელის დოკუმენტში ეს მკაფიოდ წერია და უნდა შესრულდეს. მექანიზმებზე ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს, რომ კითხვები არ დარჩეს. მოადგილესთან დაკავშირებით ყველას თავისი ინიციატივა აქვს. ვფიქრობ, რომ არანაირი სამი-ოთხი მოადგილე საჭირო არ არის. დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ერთი მოადგილე უნდა იყოს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები აქვს, მსჯელობა იქნება 14 მაისს და დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მივაღწევთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი შესრულდეს, რომ მოადგილე ოპოზიციური პარტიებიდან უნდა იყოს“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ განსახილველია ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.

„ლოგიკური საკითხებია, რომ მოადგილე იმისთვის უნდა იყოს, რომ ოპოზიციის როლი გაძლიერდეს. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე არ არის, მოვალეობას ვინ უნდა ასრულებდეს, ეს პირდაპირ არ წერია შარლ მიშელის დოკუმენტში და ვენეციის კომისიაში კანონპროექტს გავაგზავნით და პასუხი მოგვივა.

ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვენეციის კომისიას ვენდოთ. საერთოდ არ შევსულვარ განხილვაში, მოადგილე 3-7-15 თუ 25 უნდა იყოს, ამ საკითხზე პოზიციები გავცვალეთ. ვაპირებ, ოპოზიციონერ კოლეგებთან და იურისტებთან ერთად დავჯდე, ვიმსჯელო, რა არის სწორი და ლოგიკური“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.